ახალი ამბები
20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს მესტიის მერია "თბილისობაზე" სვანური კუთხის მოსაწყობად
მესტიის მუნიციპალიტეტი "თბილისობის" ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 20 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა მერიამ უკვე მეორედ გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანია სვანეთის პოპულარიზაცია.

დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ თანხა მოხმარდება მცხობელების (4 ადამიანი), მზარეულების (3 ადამიანი), არყის გამომხდელის (1 ადამიანი) და ტექნიკური/სამუშაო ჯგუფის (10 ადამიანი) ტრანსპორტირებას, განთავსებას და კვებას თბილისში, 2 დღე-ღამის განმავლობაში. ასევე ანსამბლ "რიჰოს" (15 წევრი) კვებას 1 დღის განმავლობაში. ამასთან, გათვალისწინებულია ლოჯისტიკური ხარჯები და ქალაქში შიდა გადაადგილება.

კითხვაზე, თუ რატომ უწევს მუნიციპალიტეტს დამატებითი ხარჯის გაწევა იმ ღონისძიებაზე, რომელზეც მიიწვიეს, მესტიის მერი რადიო "ათინათს" პასუხობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამისთვის საკმარისი თანხა აქვს.

"სურვილი გვაქვს, რომ "თბილისობაზე" სვანური კუთხე წარმოვაჩინოთ, გვაქვს ამის ფინანსური რესურსიც. მწირი ბიუჯეტი სხვაგან მოიკითხეთ, ჩვენ მზად ვართ გავიღოთ ამისთვის ფული და დავაფინანსოთ, შეგვეძლო უარი გვეთქვა, მაგრამ გვაქვს სურვილი. ქორწილში რომ მიდიხართ, საჩუქარი არ მიგაქვთ ხოლმე?", - ასე გვიპასუხა მერმა.

წელს "თბილისობისთვის" 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და ის 1-2 ოქტომბერს გაიმართება.
Print