ახალი ამბები
აფხაზეთში სამხედრო გაწვევა გამოცხადდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

"აფსნიპრესის" თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

ამავე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

აფხაზეთის "მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციას და რაიონის გამგეობებს" დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. 

რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, ექცევა თუ არა დე ფაქტო რესპუბლიკა მისი მოქმედების ქვეშ. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება "აფხაზეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს".

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ  MEDUZA - ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან ომში საბრძოლველად.



Print