ახალი ამბები
ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდი დაიწყო
დღეს, 5 ოქტომბერს, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 56-ე რაუნდი იმართება შვეიცარიაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების გამართვა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, წერს "რადიო თავისუფლება".

სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული დელეგაცია მთავარ აქცენტს გააკეთებს რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წყვეტების შემდეგ ეს მოლაპარაკებების პროცესი განახლდა. მინდა ხაზი გავუსვა თანათავმჯდომარეებისა და ჩვენი პარტნიორების აქტიურობას", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი, 2021 წლის დეკემბერში შედგა. მაშინვე 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა. ამის მიზეზად იქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა.


Print