ახალი ამბები
ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდი დასრულდა
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ჟენევაში გაიმართა საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

სამინისტრო იუწყება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება.

ჟენევის პროცესში პირველად მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი.

ჟენევის დისკუსიების შესახებ ინფორმაციას აფხაზური მხარეც ავრცელებს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამნისტროს განცხადებით, 56- რაუნდის მსვლელობისას "აფხაზური დელეგაცია განაგრძობდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარ ამოცანას ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ დოკუმენტის შეთანხმებისა და ხელმოწერის აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ თქვა უარი დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგზე".

მოლაპარაკებაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო, 55-ე რაუნდი, 2021 წლის დეკემბერში შედგა. მაშინვე 56-ე რაუნდი მარტში დაიგეგმა, თუმცა ამ დრომდე არ გამართულა. ამის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქცა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.



Print