ახალი ამბები
ენგურის ხიდთან Duty Free - ს კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება
ენგურის ხიდთან, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში Duty Free  (უბაჟო) მაღაზიის გახსნის ნებართვა მიიღო კომპანიამ "Куазан МБТ". შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ გამოსცა. მას ე.წ. პრემიერ- მინისტრმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა ხელი. დოკუმენტს ტელეგრამის არხი Respublica ავრცელებს.

Duty Free - ს გასახსნელად შპს "Куазан МБТ"- ს სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური საქმიანობის წარმოების ნებართვა მისცეს. კომპანიამ სამუშაოები თავის ხარჯით უნდა აწარმოოს ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტის საბჭოსთან შეთანხმებით, "გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მოქმედი სამსახურების საქმიანობის შეფერხების გარეშე". კომპანიამ სამუშაო განრიგი, საქონლის შემოტანის, შენახვისა და გაფორმების პროცედურა საგუშაგოს საკოორდინაციო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს.

მიმდინარე წლის ივლისში, ცნობილი გახდა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან, უბაჟო ვაჭრობის მაღაზია  Duty Free - ს მშენებლობის დასრულების შესახებ. ამავე ცნობით, მისი აშენების ნებართვა ალექსანდრე ანქვაბმა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა. მაშინ ითქვა, რომ სამშენებლო მოედანი ხიდის წინ, მარჯვენა მხარეს განთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზია აფხაზეთიდან გამსვლელთა გზაზე იქნება.

რა ადგილას იგეგმება კომპანია "Куазан МБТ"-ის მაღაზიის გახსნა ჯერჯერობით უცნობია.

აგვისტოს ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ენგურის ხიდის გავლით საქონლის ტრანზიტის საკითხი განიხილეს.

Print