ახალი ამბები
გია ხარჩილავა საკუთარი მანქანის დაწვას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს
ვფიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხამ, როგორც ერთადერთმა ოპოზიციურმა მუნიციპალიტეტმა, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს და ამხელს, ვიღაცა ძალიან გააღიზიანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გია ხარჩილავამ უთხრა. ის მიიჩნევს, რომ მანქანის დაწვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ამბობს, რომ მსგავსი მეთოდები რუსეთის კრიმინალური მმართველობისთვის არის დამახასიათებელი.

"ოთხის ნახევარზე შვილმა იგრძნო რაღაც გასკდომის ხმა, მაშინვე დავრეკეთ 112-ში. მანქანას უკვე მძლავრად ეკიდა ცეცხლი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანაქანა იყო 100% გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ. დასკვნებს არ ვაკეთებ ნაჩქარევად, მაგრამ ეს სურათია რასაც ხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, პირდაპირ მოსკოვის სისტემიზირებული იმპერიის გუბერნია ვართ. ძალიან ბუნებრივია, ის მეთოდები რუსეთის როგორც, კრიმინალური მმართველობის, ჩანერგილია ალბათ აქაც. ჩემთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ უფრო აზარტული ვიქნები რეფორმებში, ყველაფერში რისთვისაც ხალხმა ამირჩია", - ამბობს წალენჯიხის მერი.

მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება გია ხარჩილავას სახლის წინ, სავარაუდოდ, წუხელ გვიან დაწვეს. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.
Print