ახალი ამბები
რა თქმა უნდა ეს დანაშაული არ გაიხსნება - ნიკა მელია წალენჯიხაში ჩავიდა
"ის რაც მოხდა წალენჯიხაში გუშინ, ეს არ იყო გია ხარჩილავას, წალენჯიხის არჩეული მერის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაწვის ფაქტი, ეს იყო "ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი დანაშაულებრივი მკაფიო ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება თითოეულ წალენჯიხელს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ უთხრა, რომელიც დღეს წალენჯიხაში, გია ხარჩილავას მხარდასაჭერად ჩავიდა. მელიას თქმით, მას არ აქვს ილუზია, რომ გამოძიება დამნაშავეებს გამოავლენს.

"იმის მაგივრად, რომ მთელი ცენტრალური ხელისუფლება დარაზმული იყოს და ეხმარებოდეს უნიკალურ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, უწვავენ მანქანას საცხოვრებელ სახლთან და ამით ღიად დეკლარირებენ, რომ მათ არაფერი არ დარჩენიათ საკუთარ პოლიტიკურ რეპერტუარში, გარდა დანაშაულების ჩადენისა. რა თქმა უნდა ეს დანაშაული არ გაიხსნება. ნუ გვექნება ამის ილუზია.  საბოლოო ჯამში "ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას. სისტემურმა პრობლემამ, რაც არსებობს ხელისუფლებაში გამოიწვია შედეგობრივად ეს მძიმე ფაქტი, რაც აქ მოხდა. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს თითოეულ წალენჯიხელს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

წალენჯიხის მერის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება გია ხარჩილავას სახლის წინ, ​გუშინ, გვიან ღამით დაწვეს. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ხარჩილავა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს.
Print