ახალი ამბები
ვალდებულება არ მქონდა, მასთან დამერეკა - გუბერნატორი წალენჯიხის მერზე
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტის კომენტირებისას აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რა მოხდა.

რაც შეეხება გია ხარჩილავას სიტყვებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ამ დრომდე არც ცენტრალური ხელისუფლებიდან და არც ადგილობრივი გუბერნიიდან დაკავშირებია ვინმე, გუგუჩია ამბობს, რომ ამაზე ძალიან მარტივი პასუხი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ცნობილი იყო საქმის გარემოებები და ისიც, რომ გია ხარჩილავას პირადად და მის ოჯახს ჯანმრთელობის საფრთხე არ შექმნია, მან საჭიროდ არ ჩათვალა, წალენჯიხის მერთან დაერეკა. მისი თქმით, გია ხარჩილავასთან, მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებს და სხვა ფორმით მასთან კომუნიკაცია არც უცდია.

"ამასთან დაკავშირებით, ძალიან მარტივად გეტყვით, რაც შეეხება ბატონ გიასა და ჩემს ურთიერთობას, ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება სამსახურეობრივი ურთიერთობით, რომელიც ჩვენ შორის არსებობს და ამასთან დაკავშირებით, ბატონ გიას პრობლემა არ შექმნია რაღაც კომუნიკაციის ჩემთან და არც მე მაქვს რამე პრობლემა მასთან კომუნიკაციის, როცა იმ საქმეს ეხება საუბარი. იმ პოზიციების გათვალისწინებით, რა პოზიციებზეც ჩვენ ვართ.

რაც შეეხება მანქანის ფაქტს, დილიდან მქონდა კომუნიკაცია შესასაბამის სამსახურთან და ჩემთვის ფაქტობრივი გარემოებები იმ დროისთავის რაც იყო ცნობილი, ჩემთვისაც იყო ცნობილი. ამავდროულად, ისიც ვიცოდი, რომ ბატონ გიას, არც მის ჯანმრთელობას, არც მის სიცოცხლეს არც პრობლემა ექნებოდა და არც შექმნია. შესაბამისად, გარდა ამ ურთიერთობისა, რაიმე სახის მეგობრული ურთიერთობა მე სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ამ ადამიანთან არა მაქვს. რაიმე ვალდებულება იმისა, რომ ეს ზარი განმეხორციელებინა, გინდა თუ არა, არ მქონია", - თქვა გუბერნატორმა.

დღეს წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განცხადა, რომ მისი პირადი ავტომობილის დაწვის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავს. მან ასევე საელჩოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ მას მომხდართან დაკავშირებით, არც ცენტრალური ხელისუფლებიდან დაკავშირებია ვინმე და არც ადგილობრივი გუბერნიიდან.

გია ხარჩილავას მანქანა მის სახლთან დაწვეს. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

Print