ახალი ამბები
მესტიაში გაეროს მსოფლიო სურსათის დღესა და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს ერთობლივად აღნიშნავენ
16-17 ოქტომბერს, მესტიაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტი  ერთობლივად აღნიშნავენ მსოფლიო სურსათის დღეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მესტიაში ფერმერების მონაწილეობით გაიმართება აგრარული ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და ნიშური პროდუქტი, მათ შორის, რძის ნაწარმი, თაფლი, ღვინო, ადგილობრივი კერძები.  ასევე მოეწყობა ხორბლისა და პურის, მათ შორის, ძველი ქართული ხორბლის ჯიშების გამოფენა. 

"ამ დღის მიზანია მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ნიშური პროდუქტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი შრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება", - ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიება გაგრძელდება დისკუსიითა და სემინარით სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების გამოწვევებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ.

მსოფლიო სურსათის დღე ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. 

"2022 წელს მსოფლიოში ერთმანეთს ერთვის პანდემია, კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, გაზრდილი ფასები და საერთაშორისო დაძაბულობა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე. ისეთ მდგრად მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, რომელშიც ყველას, ყველგან, რეგულარულად ექნება საკმარისი და ჯანსაღი საკვები. დღეისათვის, მსოფლიოში უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს და მათი საარსებო წყარო ბუნებრივი რესურსები და სოფლის მეურნეობაა. ბუნებრივი სტიქიები თუ ადამიანების ქმედებებისგან გამოწვეული კატასტროფები  ყველაზე მეტად სწორედ მათზე აისახება. წელსაც, FAO მოუწოდებს მსოფლიოს, ვიზრუნოთ იმისათვის რომ მივიღოთ უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print