ახალი ამბები
სოხუმში გალის შეხვედრების განახლების პერსპექტივას განიხილავენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზეთში რუსეთის "ელჩს" მიხაილ შურგალინს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების პერსპექტივები განიხილეს.

ამავე ცნობით, გალის ფორმატის განახლების შესაძლებლობას "საგარეო უწყება" აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას დავალებით განიხილავს. შეხვედრაზე აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა დაადასტურეს ინტერესი შეხვედრების მუშაობის აღდგენით, "რომლის საქმიანობა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას და ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებას".

ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ყველა მონაწილის პოზიციების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.






Print