ახალი ამბები
არძინბა აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების მიერ შესაძლო აკრძალვას გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, ევროკავშირის ელჩების წინასწარ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტები, არ იქნება ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად, ამის შესახებ, მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

ინალ არძინბას თქმით, "ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის აფხაზი ხალხის იზოლირება, კუთხეში მიმწყვდევა და საკუთარი ნების კარნახი", რადგან, როგორც ის ამბობს, "ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები და ისინი ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ".

თუმცა, მისივე თქმით, "საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაახლოებით 80%, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, ფინანსდება ევროკავშირის, სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების მიერ.

"ერთი მხრივ, ახორციელებენ ვითომ ჰუმანიტარულ პროექტებს ჩვენს ტერიტორიაზე, მეორე მხრივ, არ ცნობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს, ეს ნამდვილად ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, "- განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული პროექტები და პროგრამები, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს "გავლენა მოახდინოს აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე, მოქალაქეების ცნობიერებაზე და ხორციელდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაზე".

არძინბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ არ აღიაროს "აფხაზეთში გაცემული პასპორტები, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს რესპუბლიკაში და იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას", - დასძინა არძინბამ.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემას გულისხმობს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკვე არაღიარებულია, ან არაღიარების პროცესშია, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, ასევე გარე საზღვრისა და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას. ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელიც საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, მზადაა საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიზნით ევროპარლამენტთან დისკუსიები დაიწყოს.



Print