ახალი ამბები
ანქვაბმა აფხაზეთში მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხელი მოაწერა "მინისტრთა კაბინეტის" განკარგულებას "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაწვევის შესახებ". მათივე ინფრომაციით, "თავდაცვის სამინისტროს" დაევალა 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეიარაღებულ ძალებში გაწვევის უზრუნველყოფა, ღონისძიებების განხორციელების მართვა და კონტროლი.

მანამდე, ოქტომბრის დასაწყისში, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა.

"აფსნიპრესის" თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

ამავე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, აფხაზეთში აქტიურად განიხილება საკითხი, ექცევა თუ არა დე ფაქტო რესპუბლიკა მისი მოქმედების ქვეშ. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება "აფხაზეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს". რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ მაშინ MEDUZA - ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან ომში საბრძოლველად.

Print