ახალი ამბები
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნა იგეგმება
წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" წარმომადგენელი მარკო დეგორტესი იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრა წალენჯიხაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნას ეხებოდა. 

ამასთან, "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და წალენჯიხის მერმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც ისინი მოლაპარაკებების პროცესსა და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს. 

"რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად წალენჯიხაში ჩამოვიყვანეთ საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" ერთ-ერთი მენეჯერი, იმისთვის, რომ წალენჯიხაში გავსხნათ "იუვენტუსის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. ეს ჩემი აზრით იქნება გაგრძელება იმ ისტორიის, რომელიც ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველას დაგვანახა, ჩაგვისახა იმედი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი ჩვენს ბავშვებს და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს, არამედ დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოზარდებს მისცემს ძალიან დიდ სტიმულს, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

მისივე თქმით, შესაბამის კონტრაქტს მალე მოეწერება ხელი.

"დღევანდელი დღე შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი თარიღი ქართული სპორტის ისტორიაში. ის წარმატებები და მწვერვალები, რაც ქართულ სპორტს ჰქონდა, უნდა დავიბრუნოთ. ყველაზე სწორი გზა არის ინვესტირება ახალ თაობაში", - ამბობს მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა. 

ვიზიტის ფარგლებში "იუვენტუსის" წარმომადგენლები ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალური მოედანი დაათვალიერეს.
Print