ახალი ამბები
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სენაკის საკრებულოს სხდომა დატოვეს
სენაკის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არალეგიტიმურ პროცესებში და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს ფარსს უწოდებენ. ამასთან, მათივე განმარტებით, მომდევნო სხდომებზე, რომლებზეც საკრებულო სამუშაო რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტისთვის საჭიეოებისთვის განსაზღვრულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

​თავის მხრივ "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციას ხელოვნურ კრიზისს არ შეაქმნევინებენ და კანონის შესაბამისად მოქმედებენ. 

ამ წუთებში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნის პროცესი იწყება. სავარაუდოდ, ამ თანამდებობაზე საბა ოდიშარიას მმართველი პარტიის 17 დეპუტატი აირჩევს.

ახლა მმართველ გუნდს სენაკის წარმომადგენლობით ორგანოში 16-ის ნაცვლად 17 დეპუტატი წარმოადგენს, ოპოზიციას კი 16 წევრი ჰყავს.

12 მანდატით დარჩა "ნაციონალური მოძრაობა" სენაკში მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარმა საკრებულოც და პარტიაც დატოვა. სწორედ ამ მიზეზით დაინიშნა ამავე თემში შუალედური არჩევნები, რომელშიც ოპოზიციონერი კონკურენტის გარეშე დარჩენილმა მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკური სურათი სრულად შეიცვალა.


ამავე თემაზე: 

ხვალ სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნება“ თავმჯდომარეს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე აირჩევს
Print