ახალი ამბები
არძინბამ ზელენსკის ინიციატივას აფხაზეთის დეოკუპაციის შესახებ პროვოკაცია უწოდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ყირიმის პლატფორმის ფორუმის ფორმატი აფხაზეთზეც უნდა გავრცელდეს, პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ მან "სპუტნიკს"

განუცხადა.

"ვლადიმირ ზელენსკიმ, ყირიმის პლატფორმის ფორუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას, პლატფორმის, რომელიც რუსულ ყირიმზე უკრაინის ხელისუფლების უფლების განცხადების ხელშესაწყობად შეიქმნა, გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ფორმატი აფხაზეთზეც უნდა გავრცელდეს. უკრაინის პრეზიდენტი კვლავ ისტორიის ცუდად ცოდნის დემონსტრირებას ახდენს და აშკარა პროვოკაციებით არის დაკავებული", - განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, აფხაზეთის ხალხი "იარაღით ხელში იცავდა უფლებას აეშენებინა საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო" და ნებისმიერი ფორმატი, რომელიც აფხაზეთის სუვერენული სტატუსის შეცვლას გულისხმობს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

"აფხაზეთის რესპუბლიკის ნებისმიერ ფორმატში ხელოვნურად შეყვანის მცდელობა, რაც ჩვენი რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის შეცვლას გულისხმობს, აბსოლუტურად უშედეგოა. აფხაზეთის რესპუბლიკას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიჰყვეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და განვითარების გზას, გარედან ყოველგვარი პროვოკაციების მიუხედავად. "- დასძინა მინისტრმა.

უკრაინის მიერ ინიციირებული საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატის, "ყირიმის პლატფორმის" პირველი საპარლამენტო სამიტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას "ყირიმის პლატფორმა", რომელიც შეიძლება გახდეს საწყისი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა ოდესღაც დაპყრობილი რეგიონების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე (კურილის კუნძულები). ზაგრებში გამართული შეკრების მონაწილეებს ზელენსკიმ დისტანციურად მიმართა. მან ისაუბრა ყირიმის დეოკუპაციის თემაზე და განაცხადა, რომ ახლა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება სამი რამ: სამხედრო და ფინანსური დახმარება, ასევე, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.




 

Print