ახალი ამბები
ზუგდიდის სპორტკომპლექსის მშენებელმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა - მგფ

"ზუგდიდში ერთი თვის წინ სპორტკომპლექსის მშენებლობა დასრულდა" - ასე დავიწყებდით ამ ამბავს იმ შემთხვევაში, თუ ჩინური კომპანია ნაკისრ ვალდებულებას განსაზღვრულ ვადაში შეასრულებდა.


"ფროჟე მუჰენდისლიქ მუშავირლიქ ინშაათ თააჰჰუთ ითჰალათ იჰრაჯაათ სანაი თიჯარეთის" ქართულმა ფილიალმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი 2021 წლის მარტში მოიგო და აიღო ვალდებულება, რომ სპორტკომპლექსს საცურაო აუზით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით 18 თვეში 14 886 841 ლარად დაასრულებდა, თუმცა ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. მგფ-ის ინფორმაციით, ჩინური კომპანიის ქართულ ფილიალს უკვე მიღებული აქვს თანხის 40%, რაც 4 მილიონ ლარზე მეტია.

"ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, არ შესრულდა ვალდებულება დათქმულ ვადებში. გამოცხადდა ახალი ტენდერი. რაც შეეხება გადახდილ თანხას, შესრულებული სამუშაოების გარდა, დარჩენილი თანხა ხელშეკრულების შესაბამისად დაგვიბრუნდება", - უთხრეს რადიო "ათინათს" უწყებაში.

ახალი ტენდერი თითქმის იმ დროს გამოცხადდა, როცა სპორტკომპლექსის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამჯერად 11.5 მილიონს გადაიხდის. სამუშაოების შესრულებაზე განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყო, შესყიდვის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია.

კომპანია, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ავტომატურად იღებს ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულება 13 თვეში ანუ 2024 წლის იანვრამდე შეასრულოს.

პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. იქვე განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო ოთახი, სივრცე და ტექნიკური სათავსო, რაც კომპლექსის ფუნქციონირებისათვის არის საჭირო. ამასთან, დაგეგმილია კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში სპორტკომპლექსის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება

 

Print