ახალი ამბები
რუსეთში მობილიზაციას გამოქცეული მამაკაცები აფხაზეთს აფარებენ თავს
აფხაზეთში ტურისტული სეზონი დასრულდა, თუმცა წინა წლების ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც "რესპუბლიკის" ქალაქები ცარიელდებოდა, ახლა იქ რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნევა. მათი უმეტესობა - მამაკაცები არიან, წერს "აბხაზია ინფორმი".

გამოცემის ცნობით, აფხაზეთში ყველა სასტუმრო სახლი დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცების უმრავლესობა, რომელიც აფხაზეთში გეგმავს გამოზამთრებას, არ მალავს, რომ მობილიზაციას გაურბის.

როგორც ირკვევა, მამაკაცებს აფხაზეთში შეზღუდვისა და დამატებითი საბუთების გარეშე უშვებენ, არც საზღვრიდან აბრუნებენ არავის უკან. მითუმეტეს, რომ სასტუმრო სახლში ოთახის დაქირავება, მათ თვეში 10 000-15 000 რუბლი უჯდებათ, რაც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში სამუშაო ადგილები არ არის, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა, თავს იმით ირჩენს, რომ რუსეთში საკუთარ ბინებს აქირავებს ან დისტანციურად მუშაობს.

რუსეთის მოქალაქეების ნაწილი, მეტწილად, ჯგუფებად ჩამოდის, ნაწილი კი ოჯახებთან ერთად, მითუმეტეს, რომ შვილების აფხაზეთის სკოლებში შეყვანა პრობლემას არ წარმოადგენს.

ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყურგიზეთში, ტაჯიკეთში, შესაძლებელია რუსული საგადახდო სისტემა МИР-ის ბარათით სარგებლობა.

რუსეთში 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, აფხაზეთშიც აქტიურად განიხილება საკითხი, ექცევა თუ არა დე ფაქტო რესპუბლიკა მისი მოქმედების ქვეშ. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება "აფხაზეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს".



Print