ახალი ამბები
56 მილიონი ლარი და საჯარო მოხელეების გაზრდილი ხელფასი - ზუგდიდის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს
სავარაუდო პროექტის მიხედვით, ზუგდიდის მომდევნო წლის ბიუჯეტის მოცულობა 56 მილიონ ლარამდე იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 მილიონ 800 ათასით მეტია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ ნანი მიქენაიამ უთხრა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2023 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება, ის არის, რომ ხელფასები ახალი წლიდან 10 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის დაბალანსების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

"ბიუჯეტის პროექტი შედგენის პროცესშია, პირველადი ვერსია გვაქვს, მაგრამ მთელი რიგი წინადადებები და შენიშნვებია, რომლებიც უნდა ჩავასწოროთ. 15 ნოემბერს საკრებულოში უნდა წარვადგინოთ სრულყოფილი პროექტი. მოცულობა, დაახლოებით, 56-57 მილიონია", - გვითხრა ნანი მიქენაიამ.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში რამდენიმე პრიორიტეტი გამოიკვეთება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სოციალური საკითხები. მერიას 15 ნოემბრამდე აქვს დრო პროექტზე მუშაობა დაასრულოს და რეკომენდაციების შესაბამისად დაარედაქტიროს ბიუჯეტი. ამის შემდეგ კი პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გაეგზავნება.
Print