ახალი ამბები
აფხაზეთში ქართული ღვინო და ხორცის კონსერვი "საბაჟო პროცედურების" დარღვევით შეიტანეს - სოხუმის პროკურატურა
სოხუმის პროკურატურამ გადაამოწმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო ობიექტებში ქართული ღვინის და ხორცის კონსერვის რეალიზაციის შესახებ, რომლის ეტიკეტზე ჩანს საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი გამოსახულია, როგორც საქართველოს ნაწილი, ასევე გაარკვია, თუ როგორ მოხვდა აფხაზეთის სკოლებში მე-7 კლასისთვის განკუთვნილი გეოგრაფიის ატლასი, რომლის ყდაზეც, საქართველოს დროშაა გამოსახული.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკონსერვებული ხორცპროდუქტები სახელწოდებით "ხაში" და "რუბეცი", რომელიც წარმოებულია რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, 74 ერთეულის ოდენობით; მინერალური წყალი "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "ლიკანი", "საირმე", სულ 11 ერთეული; ფუნთუშები "მოროზოვა" 8 ქილა, 8 შეკვრა მინი-ქუქი-ფაილები, სადაც იმპორტიორია შპს "კომპანია ორბიტა" მისამართით: საქართველო, ქ.თბილისი; შეფუთვაში რუსულ და ქართულ ენებზე, - შეძენილია ინდივიდუალური მეწარმეების მიერ და სარეალიზაციოდ გატანილია გუდაუთის, გაგრის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში მდებარე სასურსათო მაღაზიებში.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული პროდუქციის "იმპორტი და რეალიზაცია აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", ე.წ. საბაჟოზე "საქონლის გადაადგილების პროცედურის დარღვევით მოხდა", ინდმეწარმეების მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

რაც შეეხება, მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს "ატლასს" ყდაზე საქართველოს დროშის გამოსახულებით, რომელიც ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში აღმოჩნდა 13 ერთეულის ოდენობით, ე.წ. პროკურატურამ, "აფხაზეთის განათლების სამინისტროს" შესთავაზა რუსეთის გამოცემული ატლასით ჩაანაცვლონ.

25 ოქტომბერს "სოხუმის გენპროკურატურამ რაიონულ პროკურატურებს და ქალაქ სოხუმის პროკურატურას დაავალა, შეამოწმონ ინფორმაცია სოცმედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციასთან დაკავშირებით და თუ როგორ მოხვდა დახლებზე პროდუქცია, რომლის ეტიკეტზე ქართული დროშა და რუკაა გამოსახული, ასევე სკოლებში მე -7 კლასის ქართულ გეოგრაფიის ატლასი, ყდაზე აქრთული დროშით.

მანამდე, 24 ოქტომბერს სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის ერთი - ერთმა მომხმარებლმა გამოქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს ქილა, რუსული წარწერით, "ხაში", ხოლო ეტიკეტზე ქართული დროშაა გამოსახული. პოსტის ავტორის თანახმად, პროდუქტი ბიჭვინთის მაღაზიების დახლებზე გაჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პროდუქტი, არა საქართველოში, არამედ, სტავროპოლის მხარეში, ნოვოალეკსანდროვსკის ხორცკომბინატში იყო დამზადებული.


Print