ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა - ჩერნომორენერგო
ოჩამჩირის რაიონში "აჩიგვარას" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1-ელ ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, სოხუმმა მოსკოვს ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვა. ამის შესახებ, კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური იტყობინება. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეხო კავკაზას" თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10-დან 15 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. ამავე განცხადებაში საუბარია "რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის ნაკადის დეფიციტზე". "აჩიგვარას" გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოების დასრულების დრო მითითებული არ არის.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს "აჩიგვარას" ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც "ჩერნომოროენერგოს" და რუსული კონტრაქტორი კომპანიის ბრიგადები აწარმოებდნენ. ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელსაც "აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს" უწოდებენ სარემონტო სამუშაოები მანამდე არაერთხელ გადაიდო.


Print