ახალი ამბები
ლუკაშენკოს შემდეგ სოხუმში ბელარუსი დეპუტატები ჩავიდნენ
სოხუმში ბელარუსის და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩავიდა. მას რუსეთის დუმის საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტიომ ტუროვი ხელმძღვანელობდა. ისინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბამ და პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

შეხვედრის შემდეგ, აშუბამ ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოლო ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს "მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო".

"ჩვენ და აფხაზეთის მოსახლეობა ამ ინფორმაციას აბსოლუტურად პოზიტიურად აღვიქვამთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი და თქვენი დღევანდელი ვიზიტიც, ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ტუროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ასოციაციას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის სანქციების პოლიტიკას.

"ჩვენ ვხედავთ, რა დიდი ზეწოლაა ახლა ჩვენს ქვეყნებზე და მხოლოდ ერთად, გაერთიანებულებს შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სანქციებს, არა მხოლოდ ეკონომიკასა და პოლიტიკაში, არამედ ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ საინფორმაციო ომშიც", - თქვა მან.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს.

აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.

Print