ახალი ამბები
ზუგდიდელმა ედუარდ ფარცვანიამ სოციალური საწარმოს იდეისთვის "წლის ინოვატორის" წოდება მიიღო
US Government Exchange Program Alumni Association of Georgia - EPAG-ის მიერ დაწესებული ნომინაციის გამარჯვებული ზუგდიდელი ედუარდ ფარცვანია გახდა. ის ადგილობრივი სოციალური საწარმოს დამფუძნებელია. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, "წლის ინოვატორის" წოდება მისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.

"EPAG აერთიანებს 6 000-ზე მეტ წევრს, რომლებიც ამერიკის საელჩოს სხვადასხვა პროგრამის მონაწილეა. სულ ასოციაციამ დააწესა 2 ნომინაცია, მათ შორის ერთი იყო "წლის ინოვატორი". წარმადგინეს "MEGO-ბარის" და "MEGO-ბასის პროექტებისთვის. მოულოდნელი იყო ძალიან, რადგან ბევრად გამოცდილი ადამიანები არიან საბჭოში და მართლა კარგ საქმეეს აკეთებენ. ჩვენმა საქმიანობამ რეგიონში დადებითი შეფასება ამ გზით მიიღო, რაც ძალიან სასიამოვნოა", - აღნიშნა ედუარდ ფარცვანიამ.

სოციალური ბარის მოწყობის იდეა, სადაც მუსიკალური, კინო და პოეზიის საღამოები გაიმართებოდა, ედუარდ ფარცვანიას და ნანა შედანიას ჯერ კიდევ 2017 წელს გაუჩნდათ. მათ სხვადასხვა ქვეყნანაში მოგზაურობისას ნახეს მსგავსი სივრცეები და გადაწყვიტეს, რომ ანალოგიური თანაქალაქელებისთვისაც მოეწყოთ.

რაც შეეხება "MEGO-ბასს", ედუარდის თქმით, იდეა სწორედ ამერიკაში სასწავლო ვიზიტით ყოფნის პერიოდში გაჩნდა. ეს არის მობილური სივრცე (ძველი ავტობუსის ბაზაზე), რომელიც "MEGO-ბარის" ანალოგოურ სერვისებს სთავაზობს რეგიონის ახალგაზრდებს ადგილზე მისვლით, ისეთ ლოკაციებზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
Print