რეგიონი
აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ქართული დროშა ჰქონდა
ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, მას ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ფაქტზე.

ახალგაზრდა ქალი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის პერმანენტულად ცხოვრობს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა დაკავება უკანონოა და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზური მედია კი იუწყება, რომ 29 წლის ქალს, ნარკოტიკის გარდა, სახლში ქართული დროშა და ე.წ. შერმონი ჰქონდა.
Print