ახალი ამბები
შესაძლოა ბიჭვინთის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს - არძინბა მოსკოვში ჩავიდა კონსულტაციებისთვის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ისეთის "საგარეო უწყების" ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრაზე, ინალ არძინბამ და ახსარ ჯიოევმა "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობა, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება" განიხილეს. ინფორმაციას, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მედიაცენტრი ავრცელებს.

არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს "რუსეთის, აფხაზეთისა და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე შექმნილი კონსულტაციების მექანიზმში სამხრეთ ოსეთის მონაწილეობას". მისი თქმით, ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის გააქტიურებისთვის.

არძინბა მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" 7 ნოემბერს გაემგზავრა. სავარაუდოდ, მოსკოვსა და სოხუმს შორის განხილვის ერთ - ერთი თემა, ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებაა. მანამდე, ის წერდა, რომ ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, "მხარეები მივიდნენ ურთიერთგაგებამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახული თეზისი, მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print