ახალი ამბები
"ათინათის" ორგანიზებით სამეგრელოში პირველი სკოლა-ბიზნეს ფორუმი ჩატარდა
სამეგრელოში წელს პირველად სკოლა-ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით გაიმართა და მას განმუხურმა უმასპინძლა.ბიზნეს ფორმის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, მათი იდეები წარმატებული კომპანიებისთვის შეეთავაზებინათ და ეპოვნათ საერთო ინტერესები. ფორუმში სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე 29 კომპანიის 41 წარმომადგენელი მონაწილეობდა, სხვადასხვა სკოლიდან კი ჯამში 17 პროექტი იყო წარდგენილი, რომელთა მიზანი სკოლებში სამოქალაქო განათლების განვითარებაა. მოსწავლეებმა ერთობლივად შეარჩიეს მათ თემებში არსებული პრობლემური საკითხები და მოგვარების გზების შესახებ ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციების სახით ისაუბრეს."ეს ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშტაბით პირველად ჩატარდა. მოსწავლეები, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ, სწავლობენ პრეზენტაციის მომზადებას, იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამყარებენ კომუნიკაციას და ურთიერთობას ბიზნეს სექტორთან, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დღეს წარმოადგინეს", -  უთხრა რადიო "ათინათს" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სალომე გარდავამ.ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიც არიან: ლაზიკა კაპიტალი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, Gg Point, გემუანი, სტარ ფუდი, APM Terminals Poti, Beemason, Primeconcrete, ემბისი, ბავშვთა გასართობი ცენტრი "ბიგ დეი" და სხვა. შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან."ჩვენ წარვადგინეთ პროექტი და გვსურს სკოლაში მოეწყოს ახალგაზრდული სივრცე, სადაც შეძლებენ ტრენინგების, დისკუსიების, კინოჩვენებების და სხვა აქტივობების განხორციელებას. მე ამ პროექტის ფარგლებში რადენიმე ტრენინგს დავესწარი, რაც ძალიან გამომადგა", - თქვა ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ ანანო კიკავამ, რომელიც ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეა.ფორუმის მიმდინარეობისას ღონისძიებაზე სპიკერებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო რამდენიმე თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება სკოლებში სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე, დრო დაეთმო ტურიზმის მნიშვნელობასა და რეგიონის პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობაზე საუბარს."ფორუმის მიზანია, სკოლა და კერძო სექტორი ერთმანეთთან დავაკავშიროთ, გავაცნოთ ერთმანეთი. მოუსმინონ ერთმანეთის იდეებს, ინიციატივებს, პრობლემებს და ერთმანეთის საჭიროებებს მოარგონ საკუთარი ინიციატივები და შემდეგ ერთად განახორიცელონ ესა თუ ის პროექტი. ეს იყო გაცნობითი ღონისძიება. ბიზნეს სექტორი იმ პროექტებს დააფინანსებს, რამაც ისინი დააინტერესა", -  აღნიშნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ.სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".სკოლა-ბიზნესის ფორუმები ჩატარდება ყოველწლიურად, საქართველოს 11 რეგიონში. მათში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები და რეგიონის მასშტაბით პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები.





Print