რეგიონი
„არ არის სწორი წინასწარ საუბარი, რა მხარე ექნება ზუგდიდის ორგანიზაციას“, - ანა წითლიძე პარტიაში ვითარებაზე
„რახან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, ყველას თავისი პოზიცია ექნება, ბუნებრივია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ხდება“, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უთხრა.


წითლიძე განმარტავს, რომ არჩევნები პარტიაში დემოკრატიული პროცესია. რაც შეეხება ზუგდიდის ორგანიზაციის პოზიციას, მიიჩნევს, რომ მათ რომელიმე კონკრეტულ მხარედ წარმოჩენა სწორი არ არის.

„პოლიტსაბჭოს ვადა ეწურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოს ვადის ამოწურვა უკვე ნიშნავს ,რომ ხელახალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს თავმჯდომარესაც, მდივანსაც, პოლიტსაბჭოსაც და ა.შ. აქ უბრალოდ აზრთსხვადასხვაობა იყო დროსთან დაკავშირებით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ნიკა მელიამ უკვე საჯაროდ დაანონსა არჩევნები, ახლა შეიკრიბება პოლიტსაბჭო, გამოიკვეთებიან კანდიდატები და დაიწყება საარჩევნო პროცესი,ა მიტომაც მხარედ დაყოფა ზუგდიდის ორგანიზაციის, თუ რა მხარე ექნება ვთვლი, რომ არ არის სწორი. ჩვენ წინა არჩევნებზე გვქონია შემთხვევა, რომ პარტიის ნაწილი ლევან ვაშალომიძეს უჭერდა მხარს, ნაწილი - ნიკა მელიას. წინასწარ, სანამ არ ვიცით კანდიდატები ვინ არიან, პოზიციაზე საუბარი რთულია“, - თქვა წითლიძემ.

ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით წინ უძღოდა პარტიის წევრის ირაკლი ნადირაძისა და რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ბრიფინგი, რომელზეც მან შიდა პარტიული არჩევნების ჩატარება საჯაროდ მოითხოვა.

Print