ახალი ამბები
ევროკავშირი სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდა
ევროკავშირის საბჭომ, ჩეხეთის თავმჯდომარეობით და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინაში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები იღებენ რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, წერს "ეხო კავკაზა".

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი "რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე რუსული პასპორტების გაცემის შესახებ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის".

"ეს ასევე გამომდინარეობს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებიდან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, მასში განმარტებულია, რომ ამ ტერიტორიების მაცხოვრებლებზე გაცემული რუსული პასპორტები არ ჩაითვლება ძალაში ვიზის მისაღებად და შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები აღარ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ბრიუსელის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს "ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას, საგარეო საზღვრის და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას".

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებას 21 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.

მანამდე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერ გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვრებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მაშინ გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩების წინასწარ შეთანხმებას და განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის აფხაზი ხალხის იზოლირება, კუთხეში მიმწყვდევა და საკუთარი ნების კარნახი", რადგან, როგორც ის ამბობს, "ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები და ისინი ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ".

არძინბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ არ აღიაროს "აფხაზეთში გაცემული პასპორტები, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს რესპუბლიკაში და იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას". თუმცა, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაახლოებით 80%, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, ფინანსდება ევროკავშირის, სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების მიერ. მისმა მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად აღიარების საკითხი აქტუალური ხდება".

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

ამავე თემაზე:

ქართული პასპორტი თუ დროებითი სამგზავრო დოკუმენტი აფხაზებისთვის - ევროსაბჭოს გადაწყვეტილება და შეფასებები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას



Print