ახალი ამბები
ჩაერთვებიან თუ არა სამეგრელოს მუნიციპალიტეტები აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ კულტურის ძეგლების დაცვის კონკურსში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის 2023 წლის კონკურსზე განცხადებების მიღება დაიწყო. კონკურსის ფარგლებში კულტურული ძეგლების დაცვის საგრანტო პროექტის მოცულობა 10 000$-დან 500 000$-მდეა.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა მუნიციპალიტეტებმა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

რადიო „ათინათი“ სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც უკვე შერჩეული აქვს ძეგლი და მზადაა კულტურის სამინისტროს მიმართოს, წალენჯიხაა. რეგიონის სხვა ცენტრების ძეგლთა დაცვის სამსახურებში კი ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმში არიან.

„ასეთი არაჩვეულებრივი ძეგლი გვაქვს წალენჯიხაში - ლესალეს ციხესიმაგრე ,რომელიც ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება. ამ ძეგლზე გერმანელი მეცნიერი მუშაობს ამჟამად. ვფიქრობთ, რომ ეს ძეგლი იქნება არაჩვეულებრივი, რათა ჩვენი კულტურა გავხადოთ არამხოლოდ შესწავლის საგანი , არამედ ტირაჟირება მოვახდინოთ .საუბარია ეგრისის სამთავროს დროინდელ ორ ციხესიმაგრეზე,“ - უთხრა რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.

საგრანტო კონკრუსის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს სენაკის მუნიციპალიტეტსაც.

„დაინტერესებული ვართ და ვნახოთ, გრანტის შესახებ ახლახან გავიგეთ, თანამრომლებთან ერთად უკვე ვისაუბრეთ და შევარჩევთ ძეგლს“,- თქვა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდოსმის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა.

პროექტში ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტსაც.

„შევიკრიბეთ ყველანი - ისტორიკოსები, რომლებიც ვართ მუნიციპალიტეტში და გადაწყდა, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას კონურსში. ჩვენ გვინდა ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები და შემდეგ მოხდეს კონსერვაცია, ეს კონკურსი არ ითვალისწინებს ამ სამუშაოებს. ხომაკირდეს ციხენაგებობაა ჩხოროწყუს მუნციპალიტეტში, ვამუშავებთ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად და განვიხილავთ,“- აღნიშნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა სოსო მალანიამ.

პროექტით დაინტერესებულია აბაშის მუნიციპალიტეტიც,თუმცა შესაბამის სამსახურებს ჯერ კულტურის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.

„ძეგლებს განაგებს კულტურის სამინისტრო და ჩვენ მასთან უნდა შევათანხმოთ ჩატარდება თუ არა რეაბილიტაცია. შევარჩევთ შესაბამის ძეგლს და აუცილებლად მივამრთავთ კულტურის სამინისტროს,“- უთხრა რადიო „ათინათს“ აბაშის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა შალვა დარცმელიძე.

როგორც გვითხრეს, საკითხზე მუშაოებენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები.

ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკრუსში მონაწილეობას გეგმავენ ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებიც, თუმცა, ჯერჯერობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შერჩეული არ აქვთ.

საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბერია.

Პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;

კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;

ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.


Print