ახალი ამბები
ბიუჯეტის პროექტით "ზუგდიდქალაქობა" გაიმართება
2023 წელს ზუგდიდში "ზუგდიდქალაქობა" გაიმართება, რისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. ამის შესახებ 2023 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ვკითხულობთ. დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს მერიამ განსახილველად გადაუგზავნა, წერია, რომ ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიებებისთვისაა გამოყოფილი, აღნიშნული თანხის ორჯერ მატება კი დაგეგმილმა "ზუგდიდქალაქობამ" განაპირობა. 

გარდა ამისა, პროექტში ნათქვამია, რომ კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის სფეროსთვის გათვალისწინებულია 6 მილიონ 44 ათას 200 ლარი. აქედან 15 ათასით იზრდება სპორტისა და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მათ შორის, 100 ათასი ლარი ქართული ფეხბურთის ხელშეწყობისთვის, 100 ათასი ლარი კი საცხენოსნო კლუბ "ხარებას" დასაფინანსებლად გამოიყო.

კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის განხორციელებისათვის პროექტით გათვალისწინებულია 3 მილიონ 877 ათას 200 ლარი.

30 ათასი ლარის გამოყოფა გათვალისწინებულია ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფინანსური ხელშეწყობისათვის.

2 მილიონი ლარით იზრდება ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამა, 217 ათასი ლარით სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა, რაც, როგორც პროექტში წერია, უმეტესად პედაგოგებისა და ხელოვნების მუშაკთა შრომის ანაზღაურების ზრდით არის განპირობებული.

საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის გათვალისწინებულია 850 ათასი ლარის გამოყოფა.

პროექტით გათვალისწინებულია აგრეთვე კულტურის სფეროში გამოიყოს 80 ათასი ლარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამისთვის, 65 ათასი ლარი ტელე-რადიო მაუწყებლობისა და გამომცემლობისთვის.

135 ათასი ლარი გამოიყოფა რელიგიის ხელშეწყობისათვის, რაც რელიგიური ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობას და მათთვის თანადაფინანსების გაწევას, ასევე, საკულტო-სარიტუალო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას გულისხმობს. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 57 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული.



Print