ახალი ამბები
აფხაზეთში შესაძლოა მედვედევის ხეივანი გაიხსნას
აფხაზეთში შესაძლოა დიმიტრი მედვედევის ხეივანი გაჩნდეს. ამის შესახებ "ტასს" დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგლემ მილანა ბჟანიამ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ მედვედევმა, პრეზიდენტობისას, 2008 წელს მოაწერა ხელი ბრძანებას "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების" შესახებ. ამასთან დაკავშირებით, სოხუმში სურთ, "უკვდავყონ მედვედევის სახელი აფხაზეთის ისტორიაში" და ერთ- ერთი ქალაქის ხეივანს მისი სახელი უწოდონ. 

"არის ასეთი ინიციატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გვქონდეს მედვედევის ხეივანი", - თქვა ბჟანიამ, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა და მონაწილეობდა მრგვალ მაგიდაში, სახელწოდებით: "რუსეთის შავიზღვისპირეთის ისტორია: რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების და მეგობარი ქვეყნების ჩართვა საერთო ისტორიული სივრცის განვითარების პროცესში".

დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი 2008-2012 , ხოლო - პრემიერ-მინისტრი 2012-2020 წლებში იყო. 2020 წლიდან ის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print