ახალი ამბები
ბორდერიზაცია, უკანონო დაკავებები, მკვლელობები - ევროპის საბჭოს ანგარიში აფხაზეთზე
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2022 წლის აპრილიდან 2022 წლის ოქტომბრამდე პერიოდში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას მოიცავს.

აქვე ვკითხულობთ, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოთქვამდა წუხილს ე.წ. გამყოფ ხაზზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ თაობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და მოუგვარებელ საქმეებზე, რაც „ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის ესკალაციას და გადაადგილების თავისუფლების შეფერხებასა და დარღვევას წარმოადგენს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სიტუაციაზე გავლენას ახდენს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პუნქტების გახსნაზე დოკუმენტებთან დაკავშირებული ბარიერები ახდენს გავლენას.

დოკუმენტის თანახმად, გიგა ოთხოზორიას, ირაკლი კვარაცხელიას და გარდაცვალების გამოძიებაში პროგრესი არ ჩანს ისევე, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით.

ანგარიშში ნათქვამია,  რომ აფხაზეთში ჰუმანიტარულ ძალისხმევას ეწეოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, გაეროს განვითარების პროგრამა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მათ შორის, ფინანსური დახმარებისა და საკვების უზრუნველყოფის გზით.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა „ბორდერიზაციის“ პროცესი აფხაზეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორის, „ღობეების აღმართვა, ახალი სათვალთვალო აღჭურვილობის დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი გამშვები პუნქტების გარშემო“. ამასთან, 2022 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, 5 ადამიანი დააკავეს. აქვე საუბარია ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასა და 2022 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავებაზე.

ანგარიშის თანახმად, გალის მოსახლეობისთვის ე.წ. „ბინადრობის ნებართვების“ საჭიროება კვლავ ახდენს გავლენას იმ ადამიანების გადაადგილების თავისუფლებაზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გალის რაიონის სკოლებში კვირაში ერთი საათი ეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო სხვა საგნები უმეტესად რუსულ ენაზე ისწავლება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღება აკრძალულია რაიონის როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში.

აქვე აღნიშნულია, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები საანგარიშო პერიოდში შეჩერებულია.

ევროპის საბჭოს წევრები დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებენ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ სექტემბერში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც საშუალებას აძლებს აფხაზებს, რუსული მოქალაქეობა აფხაზურ პასპორტზე უარის თქმის გარეშე მიიღონ.


Print