ახალი ამბები
ანა წითლიძე: არ შევბოჭავ ჩემი პოზიციით ზუგდიდსა და სამეგრელოში პარტიის წევრებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი საჯარო პოზიციით რეგიონში თანაგუნდელებს არ „შებოჭავს“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. წითლიძე თანამებრძოლებს ურჩევს, კითხვები ნებისმიერ კანდიდატს დაუსვან და მათგან პასუხები მოისმინონ.


„მე არ შევბოჭავ ჩემი საჯარო პოზიციით ჩემი პარტიის არცერთ წევრს ზუგდიდში და სამეგრელოში, რომელსაც შეიძლება ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან, როგორც ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარეს, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაკავშირებს თითოეულ მათგანთან.

კითხვები მექნება ყველა კანდიდატთან, იგივეს გირჩევთ თქვენც: დასვით კითხვები, მიიღეთ პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ვინ იქნება ის კანდიდატი ვისაც მხარს დაუჭერთ.
თითოეული თქვენი ხმა ასევე არის პასუხისმგებლობა როგორი უნდა იყოს ეს პარტია ხვალ.

კანდიდატებს ვუსურვებ წარმატებას და ვურჩევ ახსოვდეთ: მთავარი არის ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩეველი. ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე როგორც შეეფერება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს წითლიძე.

ამ დროისთვის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი ჰყავს. ცნობილია, რომ შიდა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი.



Print