ახალი ამბები
წყლის დონის კლების გამო ენგურჰესი აფხაზეთს სამყოფ ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის
ჯვარის წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა, ეს კი იმას ნიშნავს, ჰიდროელექტროსადგური მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის გამომუშავებას.

ენერგეტიკოსის თქმით, წყლის რესურსების სწრაფი გახარჯვა გამოწვეულია ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდით, განსაკუთრებით აფხაზეთში და იმ შემთხვევაში, თუ სოხუმმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანა დროულად ვერ უზრუნველყო, მოსახლეობას დენის მიწოდება შეეზღუდება.

"... მალე, დაახლოებით ორ დღეში, მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი აგრეგატი მხოლოდ მცირე სიმძლავრით შეძლებს მუშაობას. სიტუაცია განაპირობა მოხმარების პერმანენტულმა ზრდამ, ორივე მხარეს, პრინციპში, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ მხარეს. აფხაზეთმა უნდა მიიღოს სასწრაფოდ რუსეთიდან იმპორტი, თორემ დარჩება ისე... ჩვენ გვექნება, აი, ენგური რომ მოედინება ზამთარში, ძალიან ცოტა მოედინება და იმის გამომუშავების საშუალება, რაც მხოლოდ, გალი - ოჩამჩირეს ეყოფა, მეტს არა. დანარჩენმა რეგიონებმა, გულრიფშის იქით, ელექტროენერგია უნდა მიიღონ რუსეთიდან. სხვანაირად დარჩებიან ელექტროენერგიის გარეშე".

ენერგეტიკოსებმა, ორივე მხარეს, არაერთხელ განაცხადეს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდა გამოწვეულია ელექტროენერგიის ხელოვნურად დაწესებული დაბალი ტარიფით, მისი მოხმარების გაანგარიშების არასრულყოფილი სისტემით და მაინინგ ფერმების სიმრავლით.

უფრო ადრე, ენგურჰესის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბოლო 5 წელიწადში ელექტროენერგიის მოხმარება 1 მილიარდ კვტ.სთ-ით არის გაზრდილი, რაც ძალიან მკვეთრი მატებაა. გია ხუბუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ცდილობენ, ძირითადად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების აკრძალვით, ვითარება წელსაც არ შეცვლილა და არაფერი გაკეთებულა გამრიცხველიანების და გონივრული ტარიფების დაწესების თვალსაზრისით.

ბოლო წლებია ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებს, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.



Print