ახალი ამბები
ზურაბ გუგუჩიამ შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მიიღო
ცნობილმა ფიზიკოსმა ზურაბ გუგუჩიამ შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესტიჟული და ყველაზე მაღალბიუჯეტური სამეცნიერო გრანტი - Horizon Europe SNSF Starting Grants მიიღო. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ 1.8 მილიონი ფრანკის გამოყენებას, სამეცნიერო ჯგუფის გასაფართოვებლად და მომავალი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად შეძლებს.

"ჩემთვის ძალიან ემოციურია რომ შვეიცარიის მასშტაბით 2022 წელს, მაღალი კონკურენციის პირობებში, ექსპერიმენტული კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში სულ ორი მეცნიერი დაჯილდოვდა და ერთ-ერთი მე ვარ (ზეგამტარობაში და ტოპოლოგიური მაგნეტიზმში კი მარტო მე ვარ). ჯერ კიდევ არ მჯერა. ეს გრანტი აქამდე მიღებული შედეგების აღიარებას ნიშნავს", - წერს მეცნიერი.

მისივე ინფორმაციით, კონკურსი სამსაფეხურიანი იყო და განიხილებოდა შვეიცარიის ყველა უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ შერჩეული მეცნიერები ყველა დარგიდან. კანდიდატების შეფასება სამეცნიერო ფონდის შიდა კომისიის, ევროპული კომისიის და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიმდინარეობდა.

აფხაზეთიდან დევნილმა ზურაბ გუგუჩიამ სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, შემდგომ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. მოგვიანებით, მან ციურიხის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტიდან მიიღო მოწვევა. 25 წლის ასაკში, დაიცვა დისერტაცია ზეგამტარობისა და მაგნიტიზმის განხრით და ციურიხის უნივერსიტეტის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი გახდა. 

ზურაბ გუგუჩიას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი. ის მრავალი ჯილდოს მფლობელი და პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებულია.
Print