ახალი ამბები
თარბას მკვლელობის საქმეს ხელახლა განიხილავენ - სოხუმი
აფხაზეთის "უზენაესმა სასამართლომ" 18 ნოემბერს ანზორ თარბას წამებასა და ცემაში ბრალდებული ოთხი პოლიციელი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა და საქმე ხელახალი განხილვისთვის სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადასცა.

მანამდე, 2021 წლის 23 მარტს "უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ" ბათილად ცნო სოხუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ოთხი ყოფილი პოლიციელის მიმართ და მათ შინაპატიმრობა მიუსაჯა.

"ეხო კავკაზას" თანახმად, სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარე ითხოვდა, რომ საქმე არ გადაეგზავნათ აფხაზეთის "გენერალურ პროკურატურაში", მასში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად. საუბარია იმ მონაცემებზე, რომლებიც ჯიკირბას და ჭედიას ქმედებებს უფრო მძიმე დანაშაულად აფასებს. ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს ძალაში დატოვონ სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი. "გენერალური პროკურატურის" წარმომადგენელმა და დაზარალებულმა მხარემ მოითხოვეს ადვოკატების შუამდგომლობები არ დაეკმაყოფილებინათ. სასამართლომ გადაწყვიტა, საქმე არ დაებრუნებინა "აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაში" და ხელახალი განხილვისთვის "პირველი ინსტანციის სასამართლოს" გადასცა.

"ადგურ აუტლევი, ვიტალი კულოვი, ბადრი ჯიკირბა და ასლან ჭედია უდანაშაულოდ ითვლებიან, სანამ მათი ბრალეულობა არ დადგინდება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული თანამდებობის პირები ეჭვმიტანილები არიან გადამეტებული ძალის გამოყენებაში. კერძოდ, გამოძიების წინასწარი ვერსიით, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (ომარ მირცხულავას გატაცება) ორგანიზებაში თანამონაწილეობაში აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ფიზიკური ძალა გამოიყენეს ანზორ თარბას მიმართ, რომელიც 2019 წლის ივლისში დააკავეს და 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. შედეგად, ანზორ თარბას მიაყენეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის დაზიანებები.

ომარ მირცხულავა 2019 აპრილში დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ამ უკანასკნელმა დაკავების ადგილიდან 6 ივლისს გაქცევა მოახერხა. იმავე დღეს აფხაზმა სამართალდამცავებმა დააკავეს გატაცების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, მათ შორის, ანზორ თარბა.



Print