ახალი ამბები
აფხაზეთს რუსეთიდან უკვე მიეწოდება ელექტროენერგია - ჩერნომორენერგო
22 ნოემბრის საღამოდან აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო. ინფორმაციას კომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.

საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება.

რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი აჩიგვარას ელექტროგადამცემი ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ამის შესახებ მანამდე რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა. მისი თქმით, ეს ჰიდროელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან შემცირებას ნიშნავს, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდით არის გამოწვეული, განსაკუთრებით აფხაზეთში და იმ შემთხვევაში, თუ სოხუმმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შემოტანა დროულად ვერ უზრუნველყო, მოსახლეობას დენის მიწოდება შეეზღუდება.

" ... გალი - ოჩამჩირეს ეყოფა, მეტს არა. დანარჩენმა რეგიონებმა, გულრიფშის იქით, ელექტროენერგია უნდა მიიღონ რუსეთიდან. სხვანაირად დარჩებიან ელექტროენერგიის გარეშე", - განმარტა ხუბუამ.

უფრო ადრე, ოჩამჩირის რაიონში "აჩიგვარას" მაღალი ძაბვის ელექტროგდამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს "აჩიგვარას" ხაზით მიეწოდება. 11 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელსაც "ჩერნომოროენერგოს" და რუსული კონტრაქტორი კომპანიის ბრიგადები აწარმოებდნენ. ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელსაც "აფხაზური ენერგეტიკის ყველაზე დაუცველ ობიექტს" უწოდებენ სარემონტო სამუშაოები მანამდე არაერთხელ გადაიდო.


Print