ახალი ამბები
"როსატომი" ბიჭვინთაში პანსიონატ "ლიტფონდის" ტერიტორიაზე სამედიცინო ცენტრს ააშენებს
რუსული "კონცერნი როსენერგოატომი" ბიჭვინთაში შვიდსართულიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას გეგმავს, მის მიერვე იჯარით აღებულ პანსიონატ "ლიტფონდის" ტერიტორიაზე.
ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამედიცინო ცენტრის მშენებლობის საკითხი სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც ჯანდაცვის და ფინანსთა "მინისტრები" ვლადიმირ დელბა და ედუარდ ბუთბა, ასევე რუსული კონცერნის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯუმბერ ტყებუჩავა მონაწილეობდნენ.

სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტის მომხმარებლებში, ზოგიერთებმა კი ბიჭვინთის აგარაკის შეთანხმების გარშემო მიმდინარე კამათის ფონზე, ყურადღება შემდეგ საკითხზე გაამახვილეს: ის, რომ პანსიონატი "ლიტფონდი" "როსატომს" აქვს იჯარით აღებული, ხელს არ შეუშლის ამ უკანასკნელს, კაპიტალური მშენებლობები დაიწყოს. ამასთან ერთად, საქმე არა მარტო სამომავლო გეგმებს, არამედ, უკვე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს ეხება, წერს "ეხო კავკაზა".

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დიმიტრი გულიას სახელობის პანსიონატ "ლიტფონდის" იჯარის 2050 წლამდე გახანგრძლივების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

შესაბამისად, "მინისტრთა კაბინეტმა" 2050 წლის 19 მარტამდე შეაჩერა გადაწყვეტილება "დიმიტრი გულიას შემოქმედებითი სახლის" აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურული ფონდისთვის გადაცემის შესახებ, "როსატომთან" იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. აფხაზი მწერლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა.

ნოემბრის შუა რიცხვებში, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი ბიჭვინთის აგარაკების შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგია მის რატიფიცირებამდე. მანამდე აფხაზეთის "პარლამენტის" დეპუტატთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრა გამართა და ბიჭვინთის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.


Print