ახალი ამბები
ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს გადაეცა - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტი შევიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

ამავე ცნობით, "პარლამენტში" დღეს შეტანილ კანონპროექტში მითითებულია, რომ ის ძალას კარგავს 2023 წლის 1 ივნისიდან, ხოლო " პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას ეძლევა, მოამზადონ ცვლილებები შეთანხმებაში და გამართონ მოლაპარაკებები მოსკოვთან". ამასთან ერთად, დოკუმენტის მიხედვით, ობიექტის გადაცემის აქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, ცვლილებების შეტანამდე არ უნდა გაფორმდეს.

მანამდე, ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევა არაერთხელ მოითხოვეს სოხუმში ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შესაბამისი მიმართვის ავტორებმა გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება არსებული შეთანხმების მიმართ და საჯაროდ მიმართეს, როგორც აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, ასევე დეპუტატებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობა ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოვიდა: დაზუსტდეს დოკუმენტში შეცდომით მითითებული კოორდინატები და ასევე მასში შეტანილი პუნქტი, მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის აკრძალვის შესახებ. 

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის "პარლამენტის" დეპუტატთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრა გამართა და ბიჭვინთის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას. პასუხად მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები "არავითარ ფუნდამენტურ წინააღმდეგობას არ იწვევს". თუმცა აქვე ხაზგასმულია, რომ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მისი რატიფიცირების შემდეგ.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც "პარლამენტში" მისაღებად მომზადდა. ეს არის "საკანონმდებლო ორგანოს" დადგენილების პროექტი. ხელშეკრულებაში მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვისა და მიწის ნაკვეთების საზღვრების დაზუსტების ინიციატივებთან ერთად, იგი შეიცავს ბიჭვინთაში მდებარე ობიექტების აფხაზეთისთვის დაბრუნების შესაძლებლობას, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, წერს "ეხო კავკაზა".

ტელეგრამ-არხის D News Abkhazia - ს ინფორმაციით, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა  "აფხაზეთის კანონში "საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ", რომელშიც მითითებული იქნება რომ:

"აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს დენონსაციის გზით, იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულება აზიანებს სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ წესრიგს".

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.




Print