ახალი ამბები
ოპონენტების პასუხი გია ხარჩილავას - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი ნაჩქარევია
წალენჯიხის მერის ოპონენტები ფიქრობენ, რომ გია ხარჩილავამ ნაჩქარევი დასკვნა გამოიტანა, როცა სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი მანქანის დაწვა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან, წალენჯიხის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" მაია მიქავამ ისაუბრა. მმართველი პარტიის წარმომადგენელი წალენჯიხის მერს ურჩევს, რომ სასამართლოს საბოლოო დასკვნას დაელოდოს და შემდეგ გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები.

"კარგია, რომ მერი ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში სასამართლო ექსპერტიზას და მის დასკვნას, მაგრამ მის ადგილას დაველოდები სასამართლოს საბოლოო დასკვნას და მერე გავაკეთებდი პოლიტიკურ განცხადებას. ჩვენს ინტერესებშიც შედის ამ საკითხზე დადგეს გამოძიების საბოლოო ვერსია და მერე გაეცემა საბოლოო პასუხი. მერის ადგილზე მე ასე გავაკეთებდი - არ დავადებდი ხელს პირდაპირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. კარგია, რომ მერი ენდობა ერთ ინსტიტუტს, მაგრამ მის ბრიფინგში გამოჩნდა, რომ ის არ ენდობა მეორე სახელმწიფო ინსტიტუტს, ამ შემთხევაში სასამართლოს - ეს ურთიერთგამომრიცხავია", - თქვა მაია მიქავამ.

გია ხარჩილავამ დღეს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც ნათქვამია, რომ 12 ოქტომბერს, მისი მანქანა თვითაალებით არ დამწვარა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Print