ახალი ამბები
ქუჩები ზუგდიდში, სადაც რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს გაივლით
ზუგდიდში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მსურველებმა გამოცდის ჩასაბარებლად ქალაქის ტერიტორიაზე სამი შესაძლო მარშრუტიდან ერთ-ერთი უნდა გაიარონ, რომელსაც თავად პროგრამა აირჩევს.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოცდის ამ ნაწილის ჩაბარება შემდეგ ქუჩებზეა გათვალისწინებული:

მომსახურების სააგენტო-ხუბულავას ქუჩა-რუსთაველის ქუჩა-თამარ მეფის ქუჩა და იგივე მონაკვეთი მომსახურების სააგენტომდე.

მომსახურების სააგენტო-ხუბულავას ქუჩა-ბარამიას ქუჩა-თამარ მეფის ქუჩა-რუსთაველის ქუჩა-იგივე მონაკვეთი მომსახურების სააგენტომდე.

მომსახურების სააგენტო-ხუბულავას ქუჩა-ბარამიას ქუჩა-შოთა რუსთაველის ქუჩა-კონსანტინე გამსახურდიას ქუჩა,იგივე მონაკვეთი წითელი ჯვრის ქუჩის გავლით მომსახურების სააგენტომდე.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშვნოს რიგი.

"B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში 28 ნოემბრიდან შეუძლიათ, რადგან, როგორც უწყებაში განმარტავენ, ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
Print