ახალი ამბები
სამეგრელო აივ/შიდსის დადასტურებული შემთხვევებით თბილისის შემდეგ პირველ ადგილზეა
2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილების მიხედვით, სამეგრელო რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა. აქ რეგისტრირებულია 1264 შემთხვევა, რომელიც მხოლოდ თბილისის მაჩვენებელს ჩამორჩება. რეგიონებს შორის მეოთხე ადგილზე ამ მხრივ აფხაზეთია, სადაც ოფიციალურად აივ-შიდსით ინფიცირების 546 შემთხვევა დარეგისტრირდა.


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

„2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა.  ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
51.5 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

33.5 % - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;

12.8 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან;

1.2 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % - სისხლის რეციპიენტია;

0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფექციის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ გამოვლენაზე/დიაგნოსტირებაზე, ეფექტიან მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო 1988 წლიდან ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს, როგორც შიდსის მსოფლიო დღეს. ამ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებას აწყობს.


Print