რეგიონი
სოხუმში რუსეთის დუმის დელეგაცია ჩავიდა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი პირველი “ოფიციალური” ვიზიტით სოხუმში ჩავიდა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მას აეროპორტში, სადაც საკუთარი ვერტმფრენით ჩაფრინდა, „პარლამენტის“ სპიკერი ლაშა აშუბა, „პარლამენტთაშორისი ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის“ თავმჯდომარე ალხას ბარციცი, და რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ აფხაზეთში მიხაილ შურგალინი დახვდნენ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვიზიტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აფხაზმა ლიდერმა მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს. ასთი მაღალი , რანგის, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ჩვენთვის დახმარების გაწევა, ისეთ საკითხებში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ არ მოვახერხეთ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

პასუხად ვოლოდინამ აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი რამ აქვს საერთო აფხაზეთთან: „... საერთო ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ერთ ენაზე და ამიტომ, ერთი მხრივ, გვიადვილდება ურთიერთობების განვითარება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალიან გვავალდებულებს“, - განაცხადა მან.

შეხვედრაზე მხერეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს "სახალხო კრებასა" და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის.

Print