ახალი ამბები
ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია - პრემიერი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადება გაააკეთა და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.


„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს - ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული,“ - განაცხადა პრემიერმა.





Print