ახალი ამბები
სოხუმში შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში" განაცხადეს, რომ უწყება შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

"აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ აყვნენ პროვოკაციებს და იყვნენ ფხიზლად, წერს გამოცემა "აფსნიპრესი".

მანამდე აფხაზურმა ტელეგრამის არხმა AMPA- LIFE-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და მესიჯი სათაურით "აფხაზეთში ტერაქტები იგეგმება".

ჩანაწერში ისმის ქალის ხმა, რომელიც ამბობს, რომ თითქოს "აფხაზეთის უშიშროების ძალებს გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადასვლის შესახებ აცნობეს", წერს "ეხო კავკაზა".

"მათ გაიგეს, რომ ვიღაც აფინანსებდა საქართველოს მხრიდან დიდ ტერაქტს. არ იციან ვინ, ვერ პოულობენ", - ამბობს ქალი ხმოვან შეტყობინებაში და დასძენს, რომ სკოლებში, ბაზრებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თბილისს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სოხუმის საზღვაო პორტში ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის ФСБ-ის ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართა.

Print