ახალი ამბები
სოხუმის ზოგიერთ სკოლაში ანტიტერორისტული შემოწმება ჩატარდა

სოხუმის გამნაღმველებმა რამდენიმე სკოლა შეამოწმეს. "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამ არხები იტყობინებიან.



უფრო ადრე აფხაზურმა ტელეგრამის არხმა AMPA- LIFE-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, ანონიმურ შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ " ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა."

მანამდე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებდნენ. დე-ფაქტო სამინისტრომ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გააფრხილა, რომ "არ აჰყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიფხიზლე." მაგრამ, როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ყველა მშობელმა სიმშვიდის შენარჩუნება ვერ მოახერხა, ბევრმა მშობელმა შვილები სკოლებში არ გაუშვეს.

"გეყოფათ უკვე ხალხის დაზაფრვა! ნუ ამყოფებთ ხალხს შიშში! მშობლები პანიკაში არიან, ეშინიათ, რომ შვილები სკოლაში გაუშვან,"- წერს აფხაზი აქტივისტი ჯანსუხ ადლეიბა.

მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ დე - ფაქტო აფხაზეთის განათლების მესვეურები.

"ცენტრალურ სკოლებში მშობლები რატომღაც პანიკას თესავენ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს. სიფხიზლე ყოველთვის უნდა იქნა შენარჩუნებული და თუ სპეციალისტები ახორციელებენ რაიმე პრევენციულ ზომებს, მაშინ, პირიქით, მათ მხარი უნდა დაუჭირონ", - განმარტა სოხუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა.

"აფხაზური პორტალის" თანახმად, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში უნდა გაიმართულიყო, რათა მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაცნობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სოხუმის საზღვაო პორტში ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის ФСБ-ის ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები გაიმართა.

 

Print