ახალი ამბები
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოსა და უკრაინის რეგიონებში გაცემულ სამგზავრო დოკუმენტები, შესაბამისად, ამ დოკუმენტებით ვიზის მიღება ან შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული იქნება,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

"რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის უხეშად უგულებელყოფილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და საფრთხეს უქმნის ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საბჭოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ მისი ტერიტორიის უკანონო ანექსიას და ვადასტურებთ უკრაინის უფლებას გაათავისუფლოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია და დაიბრუნოს სრული კონტროლი მათზე", - განაცხადა ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პასპორტების არ აღიარების შესახებ არის პასუხი "რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე რუსული უცხოური პასპორტების გაცემის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის". ეს ასევე იყო "რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგი 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია არა მხოლოდ, მაგალითად, სოხუმსა და ცხინვალში გაცემულ დოკუმენტებზე, არამედ იმ დოკუმენტებზეც, რომლებიც გაცემულია "იქ მცხოვრებ პირებზე".

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებას 21 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.

მანამდე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერ გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვრებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მაშინ გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩების წინასწარ შეთანხმებას და განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის აფხაზი ხალხის იზოლირება, კუთხეში მიმწყვდევა და საკუთარი ნების კარნახი", რადგან, როგორც ის ამბობს, "ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები და ისინი ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ".

არძინბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ არ აღიაროს "აფხაზეთში გაცემული პასპორტები, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს რესპუბლიკაში და იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას". თუმცა, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაახლოებით 80%, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, ფინანსდება ევროკავშირის, სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების მიერ. მისმა მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "აფხაზეთის ეროვნული პასპორტების მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დოკუმენტებად აღიარების საკითხი აქტუალური ხდება".

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.

Print