ახალი ამბები
"მაკდონალდსის" ნაცვლად რუსეთში გახსნილი სწრაფი კვების რესტორანი აფხაზეთში ვერ შედის
რუსეთში  McDonald's - ის ნაცვლად გახსნილი სწრაფი კვების რესტორნების ქსელს "ვკუსნო - ი ტოჩკა" - ს ("გემრიელია და წერტილი") აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შესვლა სურს. ამავე ცნობით, მისი მფლობელი ალექსანდრ გოვორი კორპორაცია McDonald's - თან აწარმოებს მოლაპარაკებას, წერს "ეხო კავკაზა".

ქსელის წარმომადგენლებმა  "ტასს" განუცხადეს, რომ კორპორაციასთან შეთანხმების თანახმად, მათ არ შეუძლიათ იმ ბაზრებზე გასვლა, სადაც ამერიკული ბრენდი ოპერირებს, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ყირიმში.

"აფხაზეთთან დაკავშირებით არის სირთულე. საქართველოში არის McDonald's  თუმცა, აფხაზეთში ის არ არის, კორპორაციისთვის აფხაზეთი საქართველოს ნაწილია... ჩვენ გვსურს ვალდებულებების დაცვა კორპორაციის წინაშე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბაზარზე სწორად, კანონიერად გასვლა. ვმუშაობთ ამაზე, რაც გარკვეული დროს მოითხოვს", - აცხადებენ "ვკუსნო ი ტოჩკა" - ში

McDonald's - მა რუსეთი უკრაინასთან ომის გამო დატოვა. კორპორაციამ, მედიის თანახმად, რუსეთში ბიზნესი "იუჟკუზბასუგოლის" ქვანახშირის კომპანიის ყოფილ თანამფლობელს ნოვოკუზნეცკიდან ალექსანდრე გოვორს მიყიდა.

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


ფოტო: Reuters
Print