ახალი ამბები
ვფიქრობ, საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია, რომელიც არ დაუშვებს ესკალაციას - ანქვაბი
აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა "რია ნოვოსტსთვის" მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოსთან სიტუაციის ესკალაციის რაიმე საფრთხე და შეეცდება თუ არა თბილისი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ამ სიტუაციით ისარგებლოს, უპასუხა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების "ემისრები", და "განსაკუთრებით პოლონეთიდან", მუშაობენ იმაზე, რომ მეორე ფრონტი გახსნან. "მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს ჯერჯერობით არ ხდება", - დასძინა მან.

"ჩვენ ყოველთვის დაძაბული გარემო გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი გონიერი ადამიანია, რომელიც არ დაუშვებს ესკალაციას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იქ მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე და არ არის ისეთი ქმედებები, რომლებიც შეგვაშფოთებდა, მაგრამ სიფხიზლეს არასდროს ვკარგავთ არცერთ სიტუაციაში, მით უმეტეს დღევანდელში".

მან აღნიშნა, რომ პირიქით, სოხუმში დღეს შთაგონებულები არიან იმით, რომ საქართველოში რუსეთიდან ტურისტების დიდი რაოდენობა შედის. 

"მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა იქ დამალვა, მე ვსაუბრობ ტურისტებზე, რომლებიც მიზანმიმართულად მიდიან დასასვენებლად საქართველოში", - განაცხადა ანქვაბმა.

ამავე ინტერვიუში, კითხვაზე, შეიძლება თუ არა თუ არა "თვალმისაწვდომ პერსპექტივაში" აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი გხდეს, ანქვაბმა უპასუხა, რომ "ამაზე ყოველთვის იყო საუბარი. 2008 წელს მოხდა რესპუბლიკის აღიარება და რუსეთის ფედერაციისთვის ეს არის შეუქცევადი გადაწყვეტილება".

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print