ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებები მესტიიდან დაიწყება და სენაკში დასრულება - რა აქტივობები იქნება სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან დაიწყება და 13 იანვრის ჩათვლით პერიოდულად გაგრძელდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქტივობების ორგანიზატორი საქართველოს მთავრობაა.

რეგიონში ახალი წლის აღნიშვნა 24 დეკემბერს მესტიაში მიმდინარე ღონისძიებებით გაიხსნება. საერთო აქტივობები, როგორიცაა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, საბავშვო სივრცე: თამაშები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, თოჯინების თეატრი, აზოტის შოუ და ფოერვერკი ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმართება.

მესტიაში ადგილორივები და სტუმრები ანსამბლ 'ბანი"-ს, ასევე, ჯგუფ „რეზო და ბავშვების" კონცერტს დაესწრებიან.

26 დეკემბერს ღონისძიებები წალენჯიხაში ჩატარდება. აქ დამსწრეებისთვის „ქუჩის ბიჭები“ იმღერებენ.

28 დეკემბერს ჩხოროწყუში კონცერტს ოთო ნემსაძე და ბენდი გამართავს, 9 დეკემბერს ხობში კი - ანა ჟორდანია და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.

რაც შეეხება ზუგდიდს, საერთო აქტივობებთან ერთად ახალ წლის მისალოცად ზუგდიდელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად ჩამოვა, იმღერებს ჯგუფი „შერეკილებიც“. აქ ღონისძიებები 2023 წლის პირველ დღეს - 1 იანვარს გაიმართება.

3 იანვარს მარტვილში მოსიარულე ორკესტრის შოუც გაიმართება, იმღერებენ სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ნოდარიკო ხუციშვილი და ჯემ სესიის ბენდი.

აბაშაში 4 იანვარს ჯგუფ "ურსას" შემოქმედებას მოუსმენენ, ფოთში კი 7 იანვარს ანსამბლი „გორდელა“ და ჯგუფი „ბანდეროლი“ მიულოცავენ ახალ წელს დამსწრეებს.

საახალწლო ღონისძიებები რეგიონში სენაკში 13 იანვარს ანა ჟორდანიას, ოთო ნემსაძისა და ბენდი კონერტითა და მრავალჟამიერით დასრულდება.


Print