ახალი ამბები
სოხუმი - აფხაზეთის საპარლამენტო დელეგაცია მოსკოვში იმყოფება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია,  "თავმჯდომარის" ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით, მოსკოვში ჩავიდა ბელორუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დღეს, 19 დეკემბერს გაიმართება. 

სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი აფხაზეთის "პარლამენტს" 2008 წლის 17 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ საპარლამენტო ასამბლეის ოცდამეოთხე სესიის გადაწყვეტილებით მიენიჭა. 

მიმდინარე წლის მარტში რუსეთისა და ბელარუსის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აფხაზეთში ჩავიდა და აფხაზ ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრები "აფხაზ, რუს და ბელარუს ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერებას" დაეხმარება. ბჟანიამ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

უფრო ადრე, აფხაზეთს, კერძოდ კი ბიჭვინთას, ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.




Print